

ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგი
შემადგენლობა
ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:
• სტაფილოკოკების (Staphylococcus);
• სტრეპტოკოკების (Streptococcus);
მიმართ.
არააქტიური ნივთიერებების სახით: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს, ხოლო კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
აღწერა
მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგი იწვევს სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების სპეციფიკურ ლიზისს.
გამოყენების რეკომენდაციები:
ფაგო-ფერსისი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის და კომპლექსურად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებები: შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი.
კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულები, კარბუნკულები, ღრმა ინფილტრაციული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები.
ქირურგიული ინფექციები: აბსცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტები, ფლეგმონა.
პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გინგივიტი და სხვა.
თვალის ინფექციური დაავადებები: ბაქტერიული კონიუქტივიტები.
დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები.
უროგენიტალური და გინეკოლოგიური ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლიტი, ენდომეტრიტი.
ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი. ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან- ანთებითი ინფექციები, ასევე ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოს შიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.
მიღებ წესი და დოზირება:
ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად (საფენების სახით), ასევე ღრუში შესაყვანად (შარდის ბუშტი, პლევრა, ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, საშვილოსნო, საშო). ფაგო-ფერსისი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დასალევად, ასევე ზონდის, დრენაჟის და ოყნის სახით. ბაქტერიოფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-8 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით. აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის ღრუში შეყვანა ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ, 50 - 200 მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით. ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით. ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ ოდენობით, დღეგამოშვებით. კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6 ჯერ, 2-3 წვეთის ოდენობით. ახალშობილთა ომფალიტების და პიოდერმიების დროს ბაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით, დღეში ორჯერ, 5 - 7 დღის განმავლობაში. Per os ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ რეკომენდებულია 2 - 3% საკვები სოდიანი ხსნარის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში ფაგო-ფერსისი არ გამოიყენოთ!!! არ შეინახოთ ფლაკონის გახსნის შემდეგ!!!
ჭარბი დოზირება, უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები:
ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფაგო-ფერსისის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:
ორსულობა და ლაქტაცია:
ბაქტერიოფაგების გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ხანდაზმულები:
ბაქტერიოფაგები ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
ფაგო-ფერსისი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა:
ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C - +8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 24 თვე.
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში
ფაგო-ფერსისი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას და არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
მწარმოებელი: